რუსეთმა დარია დუგინას მკვლელობაში ბრალი უკრაინის კიდევ ერთ მოქალაქეს დასდო
29/08/2022 11:35:14 მსოფლიო
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დაადგინა „უკრაინული დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის“ კიდევ ერთი წევრის ვინაობა, რომელმაც, მისი მტკიცებით, კრემლის იდეოლოგის შვილის დარია დუგინას „მკვლელობა მოამზადა“.
უწყება ირწმუნება, რომ ეს არის უკრაინელი ბოგდან ციგანენკო, რომელიც უკრაინელ ნატალია ვოვკს ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობაში დაეხმარა და ქალს ყალბი დოკუმენტები გადასცა.
"დუგინას მკვლელობა ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, დაბადებული 1978 წელს, რომელიც რუსეთში ტრანზიტით ესტონეთის გავლით 2022 წლის 30 ივლისს ჩავიდა. და დატოვა რუსეთის ტერიტორია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე. ციგანენკომ ვოვკს მიაწოდა ყალბი მანქანის ნომრები და დოკუმენტები ყაზახეთის რესპუბლიკის რეალური მოქალაქის იულია ზაიკოს სახელით და ვოვკთან ერთად ააწყო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაქირავებ ავტოფარეხში, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სათვალთვალო კამერების შესწავლის შედეგების მიხედვით, დადასტურებულია, რომ დანაშაულის ჩამდენი, უკრაინის მოქალაქე ვოვკ ნატალია პავლოვნა, დაბადებული 1979 წელს, პირადად აკვირდებოდა დუგინას ფესტივალ "ტრადიციაზე" სტუმრების ავტოსადგომზე. როცა დარწმუნდა, რომ დუგინამ ფესტივალი დატოვა, ვოვკი მას მინი კუპერის მარკის მანქანით გაჰყვა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა", - აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.
ცნობისთვის: 20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.
დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.


