მედია – თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლა ხუთჯერ გააძვირა
29/08/2022 11:27:40 მსოფლიო
თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლა ხუთჯერ გააძვირა "მონტრეს კონვენციით" გათვალისწინებული წესების შესაბამისად, – იუწყება თურქული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
"თურქეთმა გააუქმა სრუტეებში გავლის საგადასახადო სისტემა, რომელიც 1983 წელს იქნა შემოღებული", იტყობინება Sabah.
ამჟამად სრუტეებში გემების გავლით თურქეთი წელიწადში 40 მილიონ დოლარს იღებს გადასახადების სახით. გამოცეემის შეფასებით, ეს შემოსავალი ამიერიდან 200 მილიონამდე გაიზრდება.
"მონტრეს კონვენციით", რომელსაც 1936 წელს მოეწერა ხელი, აღდგა თურქეთის სუვერენიტეტი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე, რომლებიც შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას აკავშირებს. კონვენციის მე-19 მუხლით, თურქეთს შეუძლია სრუტე ჩაუკეტოს მეომარი ქვეყნების გემებს. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ გემები, რომლებიც საკუთარ ნავსაყუდელს უბრუნდებიან. ახლა ეს წესი გამოიყენება რუსეთისა და უკრაინის მიმართ. მაგრამ აგვისტოს დაასაწყისში Bloomberg იტყობინებოდა, რომ მოსკოვს მაინც გადააქვს იარაღი ბოსფორის გავლით. კერძოდ, ნახსენებია რეისი, რომელმაც სამხედრო ტექნიკა გადაიტანა სირიის პორტ ტარტუსიდან ნოვოროსიისკში.


