მედია – უკრაინა რუსეთთან ომში წარმატებით იყენებს “წინააღმდეგობის გაწევის ოპერაციულ კონცეფციას", რომელიც აშშ–მა აგვისტოს ომის შემდეგ შეიმუშავა
29/08/2022 11:02:06 მსოფლიო
ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინა რუსეთთან ომში წარმატებით იყენებს “წინააღმდეგობის გაწევის ოპერაციულ კონცეფციას" (ROC), რომელიც აშშ–მა აგვისტოს ომის შემდეგ შეიმუშავა, - იუწყება CNN.
ROC შემუშავდა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომიდან 6 წელიწადში – 2013 წელს.
რა არის “წინააღმდეგობის გაწევის ოპერაციულ კონცეფცია"
ROC არის გეგმა ტოტალური თავდაცვისთვის, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ სამხედროების, არამედ სამოქალაქო მოსახლეობის ჩართულობასაც. მისი მიზანია შექმნას ხელისუფლების მიერ სანქცირებული ძალა, რომელიც განახორციელებს მოქმედებებს უცხოელი ოკუპანტის წინააღმდეგ სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით.
თავდაპირველად მხოლოდ ესტონეთმა, ლიეტუვამ და პოლონეთმა გამოხატეს რეალური ენთუზიაზმი ROC –ს მიმართ. მაგრამ ყირიმის ანექსიის შემდეგ წინააღმდეგობის მეთოდისადმი ინტერესი სწრაფად გაიზარდა.
"ROC–ს შემუშავების დღიდან, სულ მცირე, 15 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა ამ წინააღმდეგობის დოქტრინის შესახებ სხვადასხვა სახის ტრენინგში", – აცხადებს ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენელი ნიკოლ კირშმანი, სადაც ROC შემუშავდა.
როგორ იყენებს უკრაინა რუსეთის წინააღდეგ ROC–ს
"კონფლიქტის დასაწყისში უკრაინის მთავრობამ შექმნა ვებ–გვერდი, ერთგვარი წინააღმდეგობის დოქტრინა, რომელიც განმარტავს წინააღმდეგობის გაწევის სხვადასხვა გზებს. საიტი აღწერს არაძალადობრივი ქმედებების, მათ შორის საჯარო ღონისძიებების ბოიკოტირების, გაფიცვებისა და თუნდაც იუმორისა და სატირის გამოყენების გზებს. ამ ყველაფრის მიზანია ერთის მხრივ, ხელი შეუშალოს პრორუსული ხელისუფლების გაჩენის შესაძლებლობას, ხოლო მეორეს მხრივ, მოსახლეობას შეახსენოს უკრაინის კანონიერი სუვერენიტეტი.
ამასთან, წინააღმდეგობის დოქტრინა გვთავაზობს აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის "მოლოტოვის კოქტეილების" გამოყენების გზებს.
წინააღმდეგობის დოქტრინა ასევე მოუწოდებს კამპანიისკენ კონფლიქტთან დაკავშირებული ნარატივის გასაკონტროლებლად, ოკუპანტის გზავნილის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მოსახლეობის ერთიანობის შესანარჩუნებლად.
წინააღმდეგობის სათავეში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკია, რომელიც კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის ყოველდღიური ვიდეომიმართვებით და ასევე – ხშირი საერთაშორისო გამოსვლებით. მისი ვიზიტები ფრონტის ხაზთან მთელს მსოფლიოში ახალ ამბებში შუქდება, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იშვიათად ჩანს კრემლში ან სოჭში.
უკრაინელების აქტიურმა წინააღმდეგობამ როგორც ფრონტის ხაზზე, ისე საერთაშორისო გამოსვლებით უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიერა და წარმატებით გაზარდა დასავლეთის მთავრობების რაოდენობა, რომ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა მიეწოდებინათ უკრაინისთვის.
„უკრაინელები იყენებენ ყველა რესურსს, რათა ძირი გამოუთხარონ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. უბრალოდ წარმოუდგენელია იმის ხილვა, მიუხედავად სიცოცხლისა და მსხვერპლის წარმოუდგენელი დანაკარგისა, რისი გაკეთება შეუძლია წინააღმდეგობის გაწევის სურვილსა და წინააღმდეგობის გაწევის გადაწყვეტილებას", – აცხადებს გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი მარკ შვარცი, რომელიც დოქტრინის შემუშავების დროს ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური იყო.
არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი კევინ სტრინგერი, რომელიც ხელმძღვანელობდა წინააღმდეგობის კონცეფციის ჯგუფს, ყირიმში რუსეთის პოზიციებზე ბოლო თავდასხმებისა სერიაში ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინა ROC–ს იყენებს.
"იმის გამო, რომ თქვენ არ შეგიძლიათ რაღაც საქმის გაკეთება ჩვეულებრივი გზით, თქვენ უნდა გამოიყენოთ სპეციალური ოპერაციების ძალები და ამ [ძალებს] დასჭირდებათ "წინააღმდეგობის მხარდაჭერა" - დაზვერვა, რესურსები, ლოგისტიკა - ამა ტუ იმ რეგიონში შესასვლელად", – აცხადებს სტრინგერი.
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში, აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურმა, გენერალურმა რიჩარდ კლარკმა, განუცხადა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში აშშ დაეხმარა უკრაინას სპეცრაზმის მონაწილეობით წინააღმდეგობის კომპანიების მომზადებაში.
კითხვაზე, ხედავდა თუ არა ის ამ ტრენინგის გარკვეულ წარმატებას მიმდინარე კონფლიქტში, რიჩარდ კლარკმა შემდეგი განაცხადა: ”დიახ, სენატორო, ჩვენ ამას ვხედავთ".
საეთო ჯამში, წინააღმდეგობის კონცეფცია უზრუნველყოფს ჩარჩოს ქვეყნის მდგრადობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, რაც არის მისი უნარი გაუძლოს გარე ზეწოლას და პარალელურად, დაგეგმოს წინააღმდეგობის ქმედებები, როგორც ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით.
„მდგრადობა არის საზოგადოების ძალა მშვიდობიან დროს, რომელიც ომის დროს გადაიქცევა წინააღმდეგობად აგრესორის წინააღმდეგ“, - აცხადებს ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტი დალია ბანკაუსკაიტე.


