გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს
29/08/2022 07:09:28 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
”ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ ომი შესაძლოა, გაგრძელდეს წლების განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შესაძლოა, კვლავ დასჭირდეს მძიმე შეიარაღების მიწოდება მომავალ ზაფხულს. უკრაინა იცავს ჩვენს თავისუფლებას, უსაფრთხოების არქიტექტურას და ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით იქამდე, სანამ საჭირო იქნება", – განაცხადა ბაერბოკმა.
მან ყირიმის ნახევარკუნძულზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს აღიარებს მის ანექსიას:
„ყირიმი უკრაინას ეკუთვნის. მსოფლიო არასოდეს აღიარებს 2014 წლის ანექსიას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს".


