ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა
29/08/2022 07:00:34 მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა, - ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი სოციალირ ქსელში წერს.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია გზაშია. ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ამ მისიას ვხელმძღვანელობ“, - აცხადებს გროსი.

მისი თქმით, მისია ადგილზე მიმდინარე კვირაში ჩავა.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, მისიის მთავარ მიზანს წარმოადგენს: ელექტროსადგურის ფიზიკური დაზიანების შეფასება, უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების განსაზღვრა, პერსონალის პირობების შეფასება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუდებელი ზომების განხორციელება.
რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა. რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ. უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს. ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში ამ ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება.
IAEA–ს გენერალურმა დირექტორმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.


