„რუსი ოფიცრები რეგულარულად დასცინიან“ – ბრიტანული დაზვერვა შოიგუს პრობლემებზე საუბრობს
29/08/2022 06:34:10 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური უახლეს ანგარიშში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს წინაშე წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობს. კეროდ, დაზვერვა იხსენებს დამოუკიდებელი რუსული მედიის ბოლოდროინდელ ცნობებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის წინაშე არსებული პრობლემების გამო, შოიგუ ჩამოშორებულია ხელმძღვანელობიდან და ოპერატიული მეთაურები პირდაპირ აწვდიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის მიმდინარეობის შესახებ ცნობებს.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომელთაც ომის გამოცდილება აქვთ, ალბათ რეგულარულად დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტურობისა და ხელმძღვანელობიდან ჩამოშორების გამო, რადგან ბრძოლის ველზე რუსეთის პროგრესი შეჩერებულია.
„სავარაუდოდ,შოიგუს დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, დაელია საკუთარი რეპუტაცია – რეპუტაცია კაცის, რმელსაც არ ჰქონდა მნიშვნელოვანი სამხედრო გამოცდილება, რადგან კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა სამშენებლო სექტორში და საგანგებო სიტუაციების სამინისტროში”, - ნათქვამია 29 აგვისტოს ანგარიშში.
ამასთან, ბრიტანეთული დაზვერვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთმა სამხედრო კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირების მიზნით შეანელა, მიზანმიმართულ დეზინფორმაციად უწოდებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები მძიმე ტექნიკის, არტილერიის და ავიაციის გამოყენებით განაგრძობენ შეტევას ზაპოროჟიეს, ხარკოვის და დონეცკის ოლქებში.
უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, მოწინააღმდეგემ ტანკებით, არტილერიით და ავიაციით იერიში მიიტანა ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქების 15-მდე დასახლებულ პუნქტზე.
გენშტაბის ცნობითვე, დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა დაცხრილეს 5 დასახლებული პუნქტი და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სცადეს უკრაინელი სამხედროების პოზიციების დაზვერვა, თუმცა, დასახლებულ პუნქტ დოლინასთან დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს. გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევა შეაჩერეს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მახლობლადაც.
საომარი მოქმედებების პირობებში, ოფიციალური ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.


