მედია - ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებას გეგმავს
29/08/2022 04:38:43 მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებას გეგმავს, – იუწყება The Guardian.
მისი ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას ევროკავშირი მიმდინარე კვირაში მიიღებს.
როგორც The Guardian იტყობინება, ევროკავშირის ეს ნაბიჯი არ გულისხმობს ცალსახად აკრძალვას, თუმცა სამგზავრო დოკუმენტების მიღება რუსეთის მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაურთულდებათ და გარდა ამისა, გაუძვირდებათ სავიზო მოსაკრებელიც.
"ევროკავშირმა უნდა გაუგზავნოს ერთგვარი მესიჯი რუსეთის მოქალაქეებს, რომ ომი მიუღებელია. ჩვენს ქალაქებში რუსი ტურისტების სეირნობა შეუსაბამოა", – აცხადებს ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური პირი.
ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად შეჩერების მომხრეა. მათ შორისაა ფინეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. თუმცა რიგი ქვეყნები, მათ შორის გერმანია ამ ინიციატივას არ ეთანხმება. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აკრძალვა "არ არის კარგი იდეა".
"ბლოკი უფრო შერჩევითი უნდა იყოს", განაცხადა ბორელმა.
რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 30 აგვისტოს პრაღაში იმსჯელებენ.


