"უნდა გავიხადოთ": ლუკაშენკომ მსოფლიო კრიზისიდან გამოსავალი იპოვა
26/08/2022 14:45:03 მსოფლიო
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მე-7 თვეს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო "მსოფლიოს გადაფორმატირების" შესახებ ალაპარაკდა და განაცხადა, რომ "ევროპის მომავალი მხოლოდ ბელარუსთან პარტნიორობითაა შესაძლებელი".
მსოფლიოში მომწიფებული ეკონომიკური კრიზისის კომენტირებისას კი მან განაცხადა, რომ "უნდა გავიხადოთ, დავიძაბოთ და ვიმუშავოთ".
"ხვავი და ბარაქა აღარ იქნება, მსოფლიო შეიცვალა და ამას უკვე უახლოეს ხანებში დავინახავთ. ეს მსოფლიოს გადაფორმატირებაა" - დასძინა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის: ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ბოლო წლებში პუტინის უახლოეს მოკავშირედ მოიაზრებოდა, უკრაინის ომის ფარგლებში რუსულ ჯარს თავის ტერიტორიას უთმობდა უკრაინის დასაბომბად და რუსეთთან ე.წ საკავშირო სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად კანონმდებლობების ჰარმონიზებას აწარმოებდა. თუმცა უკანასკნელ პერიოდში უკრაინის ფრონტზე რუსეთის წარუმატებლობის ფონზე ლუკაშენკო სულ უფრო აშკარად ეძებს დასავლეთთან "დაუმწვარ ხიდებს".


