გამოძიება: ГРУ-ს სავარაუდო აგენტს იტალიაში წლების განმავლობაში NATO-ელ ოფიცრებთან ჰქონდა წვდომა
26/08/2022 12:55:28 მსოფლიო
საიუველირო ნაწარმის წარმატებული დიზაინერი, პერუელი მარია ადელა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იყო იტალიაში NATO-ს ოფიცრებთან, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან. ამ საფარქვეშ სავარაუდოდ, ГРУ-ს აგენტი ოლგა კოლობოვა მოქმედებდა, - ამ დასკვნამდე მივიდნენ ერთობლივი გამოძიების შედეგად Bellingcat-ის, The Insider-ის, Der Spiegel-ისა და La Repubblica-ს ჟურნალისტები.
"პერუელი" მარია ადელა კუფელდტ რივერა რუსეთში ბოლოს 2018 წლის სექტემბერში გამოჩნდა და მას შემდეგ ქვეყანა აღარ დაუტოვებია. იგი 1982 წელს დაბადებულ ოლგა ვასილის ასულ კოლობოვად "იქცა" და გავლენიანი რუსი ოფიცრის ქალიშვილად წარადგენდა თავს, რომელსაც "სამშობლოსთვის უცხოეთში, მათ შორის ანგოლაში, ერაყსა და სირიაში მსახურისთვის" არაერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული. კოლობოვას რუსული პასპორტის ნომერი განეკუთვნება სერიას, რომელიც ГРУ-მ სულ მცირე, კიდევ 6 თავის აგენტზე გასცა.
კოლობოვასთვის შექმნილი ლეგენდის თანახმად, იგი პერუში დაბადებული მარია ადელა იყო, მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვან სპეციალისტად და ცხოვრობდა მოსკოვის ჩრდილოეთში. მეგობრებს მარია ადელა უყვებოდა, რომ დედამისი მოსკოვში 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჩავიდა, ბავშვს მარტო ზრდიდა, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე სამშობლოდან "საგანგებო შეტყობინება" მიიღო და სასწრაფოდ დაბრუნდა პერუში, პატარა მარია ადელა კი "საბჭოთა ოჯახს დაუტოვა გასაზრდელად".
2013 წელს მარია ადელამ ნეაპოლში საიუველირო ნაწარმისა და ფუფუნების საგნების კომპანია Serein SRL დაარეგისტრირა და ნაწარმს იაფფასიან ჩინურ მაღაზიებში ყიდდა. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა, თავისი ბუტიკი მოდურ კლუბად ექცია, რომელსაც ადგილობრივი პოლიტიკოსები და მეწარმეები ხშირად სტუმრობდნენ.
2015 წელს მარია ადელა - უკვე წარმატებული ბიზნეს-ვუმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია Lions Club-ის ნეაპოლის ოფისის მდივანი გახდა. თავად ამ განყოფილების დამაარსებელი კი NATO-ელი ოფიცერია. მისივე შუამდგომლობით მან კონტაქტი დაამყარა არაერთ სხვა ოფიცერთან და NATO-ს სხვა თანამშრომლებთან, რომელთა ნაწილთან "რომანტიკული ურთიერთობები" ჰქონდა.
მარია ადელა ურთიერთობდა NATO-ს არა მარტო ამერიკელ, არამედ ბელგიელ, იტალიელ და გერმანელ ოფიცრებთან, ხშირად ესწრებოდა NATO-ს და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, თუმცა ჰქონდა თუ არა წვდომა უშუალოდ NATO-ს ბაზებთან - ჯერ უცნობია.
2018 წელს მარია ადელა ნეაპოლიდან მოულოდნელად გაქრა. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, ვითომდა კიბო დაუდგინდა. იმავე წლის ნოემბერში მან მოსკოვში ბოლო მოედელის "აუდი" შეიძინა, ხოლო 2020 წელს - ბინა მოსკოვის ელიტურ საცხოვრებელ კორპუსში, რომლის ღირებულება 800 ათას ევროდ არის შეფასებული და რომლის მესაკუთრედ ამ დრომდე სახელმწიფო ფიქსირდება.
გამომძიებელი ჟურნალისტები შეეცადნენ, დაჰკავშირებოდნენ ოლგა კოლობოვას, თუმცა უშედეგოდ. მათ კომენტარი ითხოვეს NATO-ს ნეაპოლის ოფისშიც, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.


