Spiegel:"რუსეთის აგენტები გერმანიაში უკრაინელი მეომრების წვრთნებს უთვალთვალებდნენ"
26/08/2022 10:40:21 მსოფლიო
როდესაც უკრაინელი მებრძოლები გერმანიაში სწავლებას გადიოდნენ, მას რუსი ჯაშუშები უთვალთვალებდნენ მინი-დრონებისა და უკრაინელთა მობილური ტელეფონებიდან მონაცემების კოპირების მეშვეობით, - იუწყება გერმანული გამოცემა Spiegel-ი გერმანულ კონტრდაზვერვაზე დაყრდნობთ.
მისივე ინფორმაციით, წვრთნების ტერიტორიების სიახლოვეს, კერძოდ იდარ-ობერშტაინსა და გრაფენვერში არაერთგზის შენიშნეს საეჭვო ავტომობილები, რომლებიც როგორც შემდგომში გაირკვა, რუს ჯაშუშებს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, იმ სამხედრო ობიექტების თავზე, სადაც ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორები უკრაინელ მეომრებს წვრთნიდნენ, ხშირად ჩნდებოდნენ დრონები, რომლებიც აღმოჩენის შემდეგ მალევე ქრებოდნენ.
ოფიციალური პირები თვლიან, რომ რუსეთმა შესაძლოა, გერმანიაში დივერსია მოაწყოს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების აღსაკვეთად.
ცნობისთვის: უკრაინელი სამხედროები მაისის პირველი ნახევრიდან გერმანიაში ჰაუბიცების "Panzerhaubitze 2000" გამოყენებაში იწვრთნებიან.
ცოტა ხნის წინ უკრაინელი მებრძოლები კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოინახულა და უკრაინისთვის დახმარების გაზრდას დაჰპირდა.


