რომის პაპის განცხადების გამო წმინდა საყდრის ნუნციო უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს
26/08/2022 08:38:07 მსოფლიო
რომის პაპის ფრანცისკეს განცხადების გამო წმინდა საყდრის ნუნციო უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს.
"გულწრფელად ვიტყვი, რომ გული დაგვწყვიტა რომის პაპის სიტყვებმა. ეს იყო უსამართლობა", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
მანამდე რომის პაპმა კრემლის პროპაგანდისტის ალექსანდრე დუგინის შვილს დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა.
"მე ვფიქრობ საწყალ ქალზე, რომელიც ააფეთქეს ბომბით, რომელიც მისი მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული, მოსკოვში. ომისთვის საფასურს უდანაშაულოები იხდიან", - განაცხადა რომის პაპმა 24 აგვისტოს.
ცნობისთვის: 20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.
დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.
.


