
ბათუმში აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით "კლავს, დაასანქცირე" გაიმართა
26/08/2022 08:08:15 საზოგადოება
ბათუმში, ევროპის მოედანზე „ანტიკორუფციული მოძრაობისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით "კლავს, დაასანქცირე" გამართეს.
შეკრებილებმა ბანერი გამოფინეს, რომელზეც ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და რამდენიმე ბიზნესმენი იყო გამოსახული.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ბანერზე გამოსახული პირები "ოკუპანტი რუსეთის ღია მხარდამჭერები არიან".
მათი თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ბათუმში "ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, ღონისძიების ხელშეშლას ბათუმის მერია ცდილობდა, თუმცა ღონისძიება მაინც ჩატარდა".
"რაც არ უნდა ნაგვის ურნებს გააკრან ზელენსკის პლაკატები და პუტინი მწვერვალზე აიყვანონ, ჩვენ ბიძინა ივანიშვილს და მის დაქვემდებარებაში მყოფ „ქართულ ოცნებას” და „ალტ-ინფოს“ ვპირდებით, რომ ომს ზელენსკი და უკრაინა მოიგებს, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ საქართველოში რუსული მმართველობა დასრულდება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან გორგილაძემ.