ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
26/08/2022 06:51:54 მსოფლიო
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მყოფ უკრაინელ პერსონალზე დაყრდნობით ავრცელებს.
IAEA–ს ცნობით, გუშინ სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება მინიმუმ, ორჯერ შეწყდა.
გუშინ უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ აცხადებდა, რომ ევროპის ამ უდიდეს ბირთვულ სადგურზე ელექტროენერგიიდან გამორთეს უკანასკნელი ორი რეაქტორიც, მას შემდეგ, რაც ახლოს გაჩენილმა ხანძარმა სადგურის ელექტროენერგიის წყაროსთან დამაკავშირებელი ხაზები დააზიანა.
რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.
რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ. უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს.
ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში ამ ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.
გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.


