WSJ – აშშ გეგმავს, უკრაინის მხარდამჭერ სამხედრო მისიას სახელი დაარქვას და დანიშნოს გენერალი, რომელიც წვრთნისა და დახმარების გაწევის ძალისხმევას უხელმძღვანელებს
25/08/2022 19:20:21 მსოფლიო
აშშ გეგმავს, უკრაინის მხარდამჭერ სამხედრო მისიას სახელი დაარქვას და დანიშნოს გენერალი, რომელიც წვრთნისა და დახმარების გაწევის ძალისხმევას უხელმძღვანელებს, – იუწყება The Wall Street Journal (WSJ).
გამოცემის ცნობით, "ეს ნიშნავს ფორმალურ აღიარებას, რომ აშშ მონაწილეობს კონკრეტულ საბრძოლო მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სამხედროები უშუალოდ არ იბრძვიან რომელიმე მხარეს, უბრალოდ წვრთნიან მათ და აწვდიან სადაზვერვო ინფორმაციას".
"მეორეს მხრივ, სწორედ ამ ფორმალური გადაწყვეტილების შემდეგ შეუძლია კონგრესს გამოყოს გრძელვადიანი მიზნობრივი დაფინანსება და გადაავადოს სამხედრო შეკვეთების ანაზღაურება", – იტყობინება WSJ.
მისი ინფორმაციით, უკრაინაში მისიის მეთაურის დანიშვნა მიუთითებს, რომ პენტაგონს უკრაინის დახმარების მუდმივმოქმედი პროგრამის შექმნა სურს, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება უკვე გაუწია.
24 აგვისტოს აშშ–მა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 2,98 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.
"დახმარების ახალი პაკეტი საშუალებას მისცემს უკრაინას, შეიძინოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, უპილოტო საჰაერო სისტემები და რადარები, რათა შეძლოს, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.


