
სოხუმმა და დამასკომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერი განცხადება მიიღეს
25/08/2022 15:06:55 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ და სოხუმში ვიზიტად მყოფმა სირიის მთავარმა დიპლომატმა ფეისარ მიკდადმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.
მასში ნათქვამია, რომ ხელმომწერი მხარეები "მხარდაჭერას გამოხატავენ რუსეთის ფედერაციის სპეციალური ოპერაციის, ასევე დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებისა და უკრაინის სხვა რეგიონების ხალხების მიმართ, რომელთაც სურთ, საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლებით ისარგებლონ".
განცხადების თანახმად, "უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაცია მიმართულია უფრო სამართლიანი მსოფლიო წყობის ფორმირებაზე, რომელშიც პატივს სცემენ ხალხების უფლებებსა და ისტორიულ ბედს".
მხარეები გმობენ "დასავლეთის ქვეყნების ცალმხრივი ძალდატანებითი ზომების არალეგიტიმურ რეჟიმს" აფხაზეთის, სირიის, რუსეთისა და "ნებისმიერი სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაბედულად გამოტქვამენ საკუთარ აზრს საერთაშორისო არენაზე".
"გვსურს, მივაპყროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება იმაზე, რომ ცალმხრივი ძალდატანებითი ზომები უკანონოა, არქაული, აზრსმოკლებული, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და არაადამიანური"- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მიკდადმა და არძინბამ განაცხადეს, რომ "სირიისა და აფხაზეთის ხალხები ერთიანნი არიან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში" და გამოდიან მოწოდებით, "არალეგიტიმური უცხოური ძალები დაუყოვნებლივ გავიდნენ სირიის არაბული რესპუბლიკის ტერიტორიიდან".
დღესვე ხელი მოეწერა "მემორანდუმს ორ საგარეო უწყებას შორის პოლიტიკური კონსულტაციების სფეროში ურთიერთგაგების შესახებ".
ცნობისთვის: აფხაზეთში ჩასვლამდე ფეისალ მიკდადი მოსკოვში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს შეხვდა, პრეზიდენტ პუტინს სირიის ლიდერ ბაშარ ალ ასადის მოკითხვა გადასცა და უსურვა "გამარჯვებით დასრულება სპეცოპერაციისა, რომელიც ტარდება უკრაინის ტერიტორიაზე".
სირიამ აფხაზეთისა და ე.წ სახმრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. 2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში "აფხაზეთის რესპუბლიკის საეკლჩო" გაიხსნა. 2021 წლის მაისში კი სირიაში აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია იყო ჩასული.