ევროკავშირი უკრაინის მზაობასაც 2023 წლის ბოლოს შეაფასებს
25/08/2022 12:06:23 მსოფლიო
უკრაინაში ევროკავშირის ელჩის მატი მააზიკასის განცხადებით, უკრაინისთვის წარდგენილი შვიდი რეკომენდაციის შესრულების შეფასება 2023 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ევროკავშირი უკრაინის პროგრესს 2022 წლის დეკემბერში შეაფასებდა.
„უკრაინას ახლა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს. იურიდიულად, შემდეგი ნაბიჯი გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გახსნა იქნება. მანამდე ევროკომისია შეაფასებს უკრაინის მიერ გაწეულ სამუშაოს შვიდ რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ეს მომავალ წელს შეფასდება. როცა მოთხოვნებზე/რეკომენდაციებზეა საუბარი, ეს არ არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც კვირების განმავლობაშია შესაძლებელი. ეს გაცილებით მეტ დროს მოითხოვს. სამართლიანი იქნება, ველოდოთ, რომ შეფასება 2023 წლის მეორე ნახევარში მოხდება“, – განაცხადა ელჩმა.
უკრაინამ, ისევე, როგორც მოლდოვამ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თუმცა ორივე ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებისთვის დამატებით მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულება მოუწევს. მათ შორისაა კორუფციასთან და ოლიგარქიასთან ბრძოლა, უმცირესობების უფლებების დაცვა და საჯარო სექტორის რეფორმირება.
თავდაპირველად მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს მოთხოვნების შესასრულებლად ვადა 2022 წლის ბოლომდე მიეცათ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს ევროკავშირი 2023 წლის ბოლოს შეაფასებს.


