
ამერიკელი პოლკოვნიკი ჯეიმს ტომფსონი: "ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ"
25/08/2022 11:24:13 თავდაცვა
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეიმს ტომფსონი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი 2022"–ის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ერთად უფრო ძლიერები არიან.
„წლევანდელი „ღირსეული პარტნიორი" მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ერთად წვრთნისა და მომზადების შესახებ. როგორც ხმალი ლესავს ხმალს, ერთად, მოკავშირე ძალები სწავლობენ ქართველებისგან და ქართველები - მოკავშირეებისგან. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ", – აცხადებს პოლკოვნიკი ჯეიმს ტომფსონი.
წელს საქართველო მეექვსედ უმასპინძლებს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ღირსეული პარტნიორი", რომლის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
სწავლების ისტორიაში წელს პირველად, "ღირსეულ პარტნიორში" მიიღებენ მონაწილეობას იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.