Accentnews.ge
Reuters: “პუტინი იმედოვნებს, რომ ზამთარში გაზის დეფიციტი აიძულებს ევროპას, დაარწმუნოს უკრაინა, ზავს რუსეთის პირობებით დასთანხმდეს”

Reuters: “პუტინი იმედოვნებს, რომ ზამთარში გაზის დეფიციტი აიძულებს ევროპას, დაარწმუნოს უკრაინა, ზავს რუსეთის პირობებით დასთანხმდეს”

24/08/2022 14:45:07 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ ზამთარში გაზის დეფიციტი და ენერგორესურსებზე მკვეთრად გაზრდილი ფასები აიძულებს ევროპას, დაარწმუნოს უკრაინა, ზავს რუსეთის პირობებით დასთანხმდეს, – იუწყება Reuters.

"ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც მოსკოვი ხედავს მშვიდობის მისაღწევად და იმის გათვალისწინებით, რომ კიევი ამბობს, რომ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს მანამ, ვიდრე რუსეთი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან არ გავა", – განუცხადა გამოცემას ორმა რუსმა მაღალჩინოსანმა.

როგორც კრემლთან დაახლოებული ერთ–ერთი ინფორმირებული წყარო აცხადებს, "უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ევროპული ერთიანობის ჩამონგრევის პროცესი ზამთარში დაჩქარდება":

"ნამდვილად რთული იქნება, თუ ეს (ომი) შემოდგომაზე და ზამთარში გაგრძელდება. ასე რომ, არსებობს იმედი, რომ ისინი (უკრაინელები) მოითხოვენ მშვიდობას".

მეორე რუსი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ "ევროპელებისთვის რთული ზამთარი იქნება":

"ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ საპროტესტო აქციები, არეულობა. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი შეიძლება, ორჯერ მაინც დაფიქრდეს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე და მიიჩნიოს, რომ შეთანხმების დროა".

კრემლი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

უკრაინა და მისი დასავლელი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ არ აპირებენ უკან დახევას. ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებიც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით საუბრობენ, ამბობენ, რომ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით დასავლეთში ერთიანობის შერყევის ნიშნებს ჯერ–ჯერობით ვერ ხედავენ.

„იმისთვის, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია ფრონტზე არსებული სტატუს–კვოს შეცვლა უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ. აუცილებელია, რომ რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხი განიცადოს", – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

"უკრაინულმა ძალებმა ჩაშალეს რუსეთის მცდელობები, დაეპყრო დედაქალაქი კიევი და სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი; უკრაინული ძალები რეგულარულად ანადგურებდნენ და არღვევდნენ რუსეთის მომარაგების ხაზებს და ჩაძირეს რუსული ხომალდი "მოსკვა", დიდი ზიანი მიაყენეს რუსეთის საჰაერო ბაზას ანექსირებულ ყირიმში. კიევი ასევე დიდი ხანია, საუბრობს მთავარ კონტრშეტევაზე სამხრეთის დასაბრუნებლად. გაურკვეველია, მოხდება თუ არა ეს და როდის", – იუწყება Reuters.

ნებისყოფის ტესტი

გეოპოლიტიკურმა დაპირისპირებამ ენერგორესურსების ფასები რეკორდულ მაქსიმუმამდე გაზარდა. ევროკავშირმა აკრძალა რუსული ნახშირი და დაამტკიცა ნაწილობრივი აკრძალვა რუსული ნედლი ნავთობის იმპორტისთვის, რათა მოსკოვი დაესაჯა "სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის", რომელიც მან ზუსტად ექვსი თვის წინ, 24 თებერვალს დაიწყო.

საპასუხოდ რუსეთმა მკვეთრად შეამცირა გაზის ექსპორტი ევროპაში. ახლა ევროპის მთავრობები ცდილობენ, გაზარდონ მდგრადობა ენერგეტიკული ზეწოლის მიმართ ზამთრისთვის ალტერნატიული მარაგების მოძიებით და ენერგიის დაზოგვის ზომების გატარებით. მაგრამ ენერგეტიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტების მხოლოდ მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ქვეყნები შეძლებენ, დააკმაყოფილონ ყველა საჭიროება.

თავის მხრივ, კრემლი გაზის ნაკადის შემცირებას ტექნიკურ საკითხებს, დასავლეთის სანქციებს და ზოგიერთი ქვეყნის მიერ გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე უარის თქმას უკავშირებს.

„კრემლი, რა თქმა უნდა, იმედოვნებს, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერისადმი ინტერესს დავკარგავთ ამერიკაში შუალედური არჩევნების, გაერთიანებულ სამეფოში ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხის, ენერგოსაკითხებთან დაკავშირებით გერმანიის მზარდი შეშფოთების გამო. ომი არის ლოგისტიკის და ნებისყოფის გამოცდა. ეს იქნება ტესტი: გვაქვს თუ არა დასავლეთს კრემლზე აღმატებული ნება? მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება გამოწვევა", – განუცხადა გამოცემას გადამდგარმა ამერიკელმა გენერალმა, აშშ-ის არმიის ძალების ყოფილმა მეთაურმა ევროპაში ბენ ჰოჯესმა.

როგორც კიევში აღნიშნავენ, დასავლეთი უკრაინას იარაღს აწვდის, რათა "არ დაეცეს", თუმცა "არ უგზავნის სათანადო შეიარაღებას, რომ გაიმარჯვოს":

"დასავლეთი კიევს საკმარის იარაღს აწვდის იმისათვის, რომ არ დაეცეს, მაგრამ არა იმდენს, რომ გაიმარჯვოს. გაცილებით დიდი მხარდაჭერაა საჭირო", – აცახდებს პოდოლიაკი.

დასავლეთის სახელმწიფოებმა უარი თქვეს კონფლიქტში მათი სახმელეთო ჯარების ჩართვასა და უკრაინის ცის ჩაკეტვაზე, რადგან სურთ, თავიდან აიცილონ უფრო ფართო ომი რუსეთთან, რომელსაც მსოფლიოში ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი მარაგი გააჩნია.

ომის გაჭიანურების რისკი

როგორც ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, ამ დრომდე ომში გადამწყვეტი გარღვევის მიღწევა ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო. ბრიტანელ ანალიტიკოს ნილ მელვინის განცხადებით, რაც უფრო ხანგრძლივდება ომი, მით უფრო დიდია დასავლეთის ერთიანობის რღვევის რისკი უკრაინის გამო, რადგან საწვავის, გაზის, ელექტროენერგიისა და სურსათის ფასები იზრდება.

"საკითხის პოლიტიკური მოგვარებისთვის ზეწოლა შეიძლება, გაიზარდოს, რამაც შესაძლოა, ევროკავშირსა და ნატო–ში ერთიანობის რღვევა გამოიწვიოს", – აცხადებს ნილ მელვინი.

ბირთვული რისკები

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი რუსეთში ტონი ბრენტონი აცხადებს, რომ "დასავლეთს რაღაც მომენტში შესაძლოა, მოუწიოს უკრაინელების გადაყვანა საკმაოდ არასასიამოვნო კომპრომისებზე, თუ კიევი რაიმე სახის გარღვევას არ მიაღწევს".

მისი თქმით, ბირთვული იარაღით შეიარაღებულ რუსეთს შეუძლია კონფლიქტის ესკალაცია, თუ იგრძნობს, რომ მარცხდება.

რუსეთმა არაერთხელ უარყო მოსაზრება, რომ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება სჭირდება.

სამირ პური, წიგნის „რუსეთის გზა უკრაინასთან ომისკენ“ ავტორი, მიიჩნევს, რომ "კიევი იძულებული გახდება, იცხოვროს დე ფაქტო დანაწევრებით, მისი ტერიტორიის მეოთხედზე რუსეთის კონტროლქვეშ, თუ ომის დინამიკას ვერ შეცვლის".

სხვა ანალიტიკოსები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილები.

"რუსული ლოგისტიკური სისტემა უკვე ძალაგამოცლილია. თუ დასავლეთი აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით გააგრძელებს იმის მიწოდებას, რასაც ვაპირებდით... ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ უკრაინას შეუძლია, წლის ბოლომდე რუსები 24 თებერვლამდელ პოზიციებზე დააბრუნოს", – აცხადებს ჰოჯესი.

მასალა მომზადებულია Reuters–ის მიხედვით

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S