Accentnews.ge
უფლებადამცველი ორგანიზაცია – „კადიროველების“ მიერ გატაცებული ოპოზიციონერი მკვდარია

უფლებადამცველი ორგანიზაცია – „კადიროველების“ მიერ გატაცებული ოპოზიციონერი მკვდარია

24/08/2022 12:21:03 მსოფლიო

გარდაცვლილია ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაჯგუფების მიერ გატაცებული ოპოზიციური ტელეარხის 1ADAT-ის მოდერატორი სალმან ტეპსურკაევი. ამის შესახებ ორგანიზაციის „გუნდი წამების წინააღმდეგ“ იურისტმა ოლგა სადოვსკაიამ ჟურნალისტ კატერინა გორდეევასთან ინტერვიუში ისაუბრა.

სადოვსკაიას დეტალების შესახებ არაფერი დაუმატებია, თუმცა დასძინა, რომ ტეპსურკაევის გარდაცვალების შესახებ მისი ორგანიზაციისთვის ზუსტადაა ცნობილი. იგი მანამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

„ამ ადამიანის გადარჩენა ვერ შევძელით“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

ტელეარხ 1ADAT-ის მოდერატორის გარდაცვალება დაადასტურეს ჩეჩნეთში მოქმედი ამავე სახელწოდების მქონე ოპოზიციურ მოძრაობაში. მოძრაობაში განაცხადეს, რომ ტეპსურკაევი გატაცების შემდეგ აწამეს და მოკლეს, „მას ხელყუმბარა ჩაუდეს პირში და დისტანციურად ააფეთქეს“. მოძრაობა 1ADAT-ის ცნობით, ტეპსურკაევი უსახელო სასაფლაოზეა დაკრძალული.

სალმან ტეპსურკაევი 2020 წლის 6 სექტემბერს გელენჯიკიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებმაც თავი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად წარადგინეს. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, ტეპსურკაევის ადგილსამყოფელს მისმა ახლობლებმა გროზნოში, კადიროვის საპატრულო და დაცვის პოლიციის პოლკის ტერიტორიაზე მიაკვლიეს გატაცებულის ტელეფონის გეოლოკაციის მიხედვით.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის ოქტომბერში დაადგინა, რომ ტეპსურკაევი „ჩეჩნური პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა სამიდან ხუთკაციანმა ჯგუფმა გაიტაცა, რომლის წევრებიც ჩეჩნური სარეგისტრაციო ნომრების მქონე შავი Toyota Camry-ის მარკის ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ.“

ორგანიზაცია Amnesty International-მა ჩეჩნეთის ხელისუფლებას ოპოზიციონერის ადგილსამყოფლის დადგენის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S