ლიეტუვა გამოვიდა წინადადებით, რუსებს ევროკავშირში შეშვებამდე დაუსვან კითხვა: "ყირიმი ვისია?"
24/08/2022 12:08:10 მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი გამოვიდა წინადადებით, ბალტიის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეები შეუშვან მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი უპასუხებენ შეკითხვას: „ყირიმი ვისია?“ და დაგმობენ ომს უკრაინაში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მესაზღვრეებს სრული უფლება აქვთ, დაინტერესდნენ ამ საკითხებით.
„თუკი პირი, რომელიც კვეთს ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, პოლონეთის საზღვარს, მიიჩნევს, რომ ყირიმი არ არის ოკუპირებული, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ასეთი პირის შემოსვლა არ შეესაბამება ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
მან აღნიშნა, რომ ვილნიუსს შეუძლია ცალმხრივად შემოიღოს ამგვარი წესი, მაგრამ, მისი თქმით, თუკი რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებიც ასე მოიქცეოდნენ, ეს უფრო „ეფექტური“ იქნებოდა.
ადრე ლანდსბერგისმა გამოცემა Politico-ს განუცხადა, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს რუსეთის მოქალაქეთათვის გაცემული შენგენის მრავალჯერადი ტურისტული ვიზები.


