შოიგუ ირწმუნება, რომ შეტევის ტემპი რუსეთმა განგებ შეანელა
24/08/2022 11:56:53 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ რუსეთმა განგებ შეანელა უკრაინაში შეტევის ტემპი იმისათვის, რომ შეემცირებინა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
"რუსეთი მკაცრად მიჰყვება ჰუმანიტარულ წესებს და დარტყმებს მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღით ახორციელებს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ამავე დროს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსხვერპლი სამოქალაქო პირებში. ცხადია, ეს შეტევას ანელებს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ”, – განაცხადა შოიგუმ.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. გაერო–ს ცნობით, უკრაინაში 13 ათასი სამოქალაქო პირი, მათ შორის 972 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა. მისი მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.


