"24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“, 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!"
24/08/2022 08:36:18 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თანამოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ უკრაინის განადგურების ექვსთვიანი მცდელობის შემდეგ, უკრაინელები დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი არიან.
„ექვსი თვის წინ რუსეთმა ომი გამოგვიცხადა. 24 თებერვალს მთელმა უკრაინამ გაიგო აფეთქებების და სროლის ხმა. არ ელოდნენ, რომ 24 აგვისტოს შესაძლებელი იქნებოდა ამ სიტყვების გაგონება : "გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს". 24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ სამყარო და შევცვალეთ საკუთარი თავი. ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ არის სინამდვილეში ჩვენი ძმა და მეგობარი და ვინ შემთხვევითი ნაცნობი. ვის არ ვჭირდებით და სად არის კარი ჩვენთვის ღია. გავიგეთ ვინ ვინ არის და მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ არიან უკრაინელები. რა არის უკრაინა. აღარავინ იტყვის: ის სადღაც რუსეთთან ახლოსაა", – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ მსოფლიო გააერთიანა.
"უკრაინის მიმართ მხარდაჭერის არგამოხატვა სირცხვილია. იმის თქმა, რომ უკრაინით დაიღალე, სირცხვილია. ეს ძალიან კომფორტული პოზაა: დაღლილობა თვალების დახუჭვის საფარია. დღეს ჩვენ გვესმის მსოფლიო ლიდერებისგან და რიგითი მოქალაქეებისგან: ჩვენ ვიქნებით თქვენთან ბოლომდე, თქვენს გამარჯვებამდე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


