ზელენსკი:"მინსკი-3 არ იქნება, უკრაინა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის წინააღმდეგია"
23/08/2022 17:07:36 მსოფლიო
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მხარს არ უჭერს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ დამყარებას იმ მიზნით, რათა საბრძოლო მოქმედებები ახლავე შეწყდეს.
ასე გამოეხმაურა უკრაინელი ლიდერი "ყირიმის პლატფორმის" ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ზამთრამდე ომის დასრულებაში უკრაინის დაინტერესების თემას.
მისივე თქმით, არსებობს გარკვეული მინიშნებები და სიგნალები ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, თუმცა კიევი მზად არ არის ცეცხლის შესაწყვეტად იმ ადგილას, სადაც დღეს გადის ფრონტის ხაზი.
"ჩვენ განვმარტეთ, რომ არავითარი მინსკი-3, მინსკი-5, მინსკი-7 არ იქნება, ამ თამაშებში მონაწილეობას აღარ ვაპირებთ. ამ თამაშით ჩვენ ტერიტორიების ნაწილი დავკარგეთ და მათ ეს მშვენივრად ესმით. ეს იყო ხაფანგი, ჩვენ ეს კარგად გავაცნობიერეთ და გვესმის, რომ საბრძოლო მოქმედებები რომ დღეს შეწყდეს, უკრაინა ქვეყნის სამხრეთის გარეშე დარჩება, მერე წამოყენებული იქნება გარკვეული პირობები, ეს ყველაფერი რამდენიმე წელიწადს გასტანს, ჩვენ ამ დროს აღარც ქვეყნის სამხრეთი გვექნება, არც ზღვაზე გასასვლელი, რუსეთი კი ერთ წელიწადში მოტრიალდება და წამოვა ახლა უკვე ნიკოლაევზე, ოდესაზე, კიდევ მოგვიანებით კიდევ ერთხელ მოტრიალება და კიევზე გალაშქრება ენდომება... უკრაინა ასეთ პირობებზე თანახმა ვერ იქნება მხოლოდ იმისათვის, რომ რუსეთი რამენაირად დაშოშმინდეს. ვითარების სტაბილიზება იქ, სადაც ჯარები ამჟამად დგანან, - ეს ის არ არის, რითაც უკრაინა დაკავდება. ზამთრისთვის გაცილებით მეტის მიღწევა გვინდა" - განაცხადა ზელენსკიმ.


