„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერების გარდა, მილსადენის სრული დემონტაჟი უნდა მოხდეს"
23/08/2022 17:00:44 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დემონტაჟი უნდა მოხდეს.
„ძალზე ბევრი ქვეყანა აცხადებდა, რომ ისინი მზად არიან, დააშოშმინონ რუსეთი, რათა მასთან, როგორც ჩვეულებრივ, ისე აწარმოონ ბიზნესი. მინდა, შეგახსენოთ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დაიწყო ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. რუსეთთან შეუძლებელია ჩვეულებრივი ბიზნესის წარმოებაზე დაბრუნება, როცა რუსეთი უკრაინაში იბრძვის, თავს ესხმის, ოკუპაციას უკეთებს უკრაინის კანონიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, მის ტერიტორიებს. დასავლეთში პოლიტიკის შეცვლა ესაა არა მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება, არამედ ასევე ამ მილსადენის ლიკვიდაცია, სრული დემონტაჟი“, - განაცხადა დუდამ კიევში, „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
დუდამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინაა:
„ყირიმი არის და რჩება უკრაინის ისეთივე ნაწილად, როგორც გდანსკი და ლიუბლინი არის პოლონეთი, ნიცა - საფრანგეთი, კიოლნი - გერმანია, როტერდამი - ნიდერლანდი“.
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაყვანილია ბალტიის ზღვის ფსკერზე და ის რუსეთს პირდაპირ აკავშირებს გერმანიასთან.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პროექტის განხორციელება შეწყდა.


