ზელენსკი: "ყირიმი უკრაინასთან ერთად გახდება ევროკავშირის წევრი"
23/08/2022 16:53:29 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "ყირიმი უკრაინასთან ერთად გახდება ევროკავშირის წევრი". ამის შესახებ მან "ყირიმის პლატფორმის" მეორე კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ოკუპირებულ ყირიმს დაიბრუნებს:
„ვიცი, რომ ყირიმი უკრაინასთან ერთადაა და ჩვენს დაბრუნებას ელის. მინდა, იცოდეთ: ჩვენ დავბრუნდებით!“.
ზელენსკის განცხადებით, „რუსეთის დეგრადაცია ყირიმის მიტაცებით, ყირიმელი თათრების ტერორით და მუსლიმი თემის რეპრესიებით" დაიწყო.
„ტერორის დასაძლევად, ჩვენს რეგიონში პროგნოზირებულობისა და უსაფრთხოების დასაბრუნებლად, ევროპას, მთელ მსოფლიოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება სჭირდება, საჭიროა ოკუპაციისგან ყირიმის გათავისუფლება, საიდანაც დაიწყო, იქვე დასრულდება და ეს საერთაშორისო წესრიგის რეანიმაციისთვის იქნება ეფექტური“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ოკუპაციამ ყირიმი უკანონობისა და მაღალი ღობის მქონე დეპრესიულ და დამოკიდებულ რეგიონად, ეკოლოგიური კატასტროფის ზონად და აგრესიის სამხედრო პლაცდარმად აქცია.
„ყირიმი იყო და არის უკრაინა და დეოკუპაციის შემდეგ მთელ ჩვენს სახელმწიფოსთან ერთად ევროკავშირის წევრი გახდება, ამაში დარწმუნებული ვარ. უკრაინის მოქალაქის პასპორტი ევროკავშირის პასპორტიც იქნება. ეს ყირიმში მცხოვრები ჩვენი ხალხისთვის კოლოსალური შესაძლებლობა იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.


