Accentnews.ge
უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის სრულად მომზადებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს

უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის სრულად მომზადებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს

23/08/2022 16:10:24 მსოფლიო

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა აპირებს, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სრულად 2024 წლის ბოლომდე მოამზადოს.

"საევროინტეგრაციო მუშაობა, ომის მიუხედავად, ერთი დღითაც არ ჩერდება და უკვე 2024 წლის ბოლოსთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად სრულად უნდა ვიყოთ მზად - ეს ჩვენი ფასეულობითი ცივილიზაციური არჩევანია" - განაცხადა მთავრობის სხდომის გახსნისას შმიგალმა.

მისივე თქმით, უკრაინამ მიაღწია იმას, რომ ივნისიდან ევროკავშირმა უკრაინულ ექსპორტზე ყველა კვოტა და გადასხაადი მოხსნა, ივლისიდან კი "სატრანსპორტო უვიზო რეჟიმი" ამოქმედდა.

"ჩვენ ვაგრძელებთ ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაციას და უკვე შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 70%. წლის ბოლომდე "საბაჟო უვიზო რეჟიმი" იქნება შემოღებული, შემდეგ წამოვა სამრეწველო და ციფრული" - დასძინა შმიგალმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. 17 ივნისს ევროკომისიამ ევროპის საბჭოს უკრაინისთვის ევროპული პრესპეკტივისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა. 23 ივნისს ევროპის საბჭომ უკრაინას ეს სტატუსი მიანიჭა. ანალოგიური სტატუსი მიიღო ასევე მოლდოვამ.

როგორც უკრაინის ხელისუფლებაში განმარტავენ ეს სტატუსი ოფიციალურად იწყებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პორცესს, უკრაინას ევროკავშირის პროგრამებსა და ინიციატივებში მონაწილეობის შესაძლებლობას უხსნის და გარდა ამისა, სათავეს უდებს პირობებს, საიმისოდ, რომ უკრაინაში ცხოვრების დონე მოქალაქეთა კეთილდღეობა და სამართლებრივი დაცულობა ევროპის სხვა ქვეყნებისას მიუახლოვდეს.

ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერ ათზე მეტი მოთხოვნა უნდა შეასრულოს:

  • აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას. ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა პარტიამ, "19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით"
  • ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად იმუშავებს. გაიზრდება მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა მათზე. ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე
  • მიიღებს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. დაიწყებს მის განხორციელებას. "უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას". ამ პროცესში სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა ჩაერთონ. სასამართლო ინსტიტუტებმა და პროკურატურამ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ უნდა იმუშაონ. მოსამართლეები და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრები ასევე გამჭვირვალედ უნდა ინიშნებოდნენ
  • გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს. გააძლიერებს სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურებს. უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას
  • აიღებს და შეასრულებს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე
  • გააძლიერებს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიებს სამართალდარღვევებს. სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალე
  • შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს. "სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს". ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს
  • სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს
  • "გააერთიანებს ძალისხმევას" გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად
  • ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში "ყველა დონეზე"
  • მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, "პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები"
  • ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური - ზეგავლენებისგან თავისუფალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S