
"კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ"
23/08/2022 14:28:38 საზოგადოება
„მთავარი არხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ტელეკომპანია კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს და უწყების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„პირველ რიგში, ხაზგასასმელია, რომ კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმეს ევროპის მხარდამჭერი კლიპისთვის, რაც არ მიკვირს. ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, რომ ჩვენ ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო არ დაგვიმძიმოს. მით უმეტეს პირდაპირი მუქარაც მოვისმინეთ, რომ თუ ასე გავაგრძელებთ და კიდევ ერთი პროევროპული კლიპი მოხვდება ჩვენს ეთერში, საერთოდ ლიცენზიაც ჩამოგვართვან. ესეც არ გამიკვირდება. უფრო მეტიც, ველოდები ჩვენთან რომ ოლიგარქის კლიპი გადის, იქ რომ სტაფილოა, იმ სტაფილოსთვის როდის დაგვაჯარიმებენ. არ არის პრობლემა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ჯარიმის გადახდას, გავასაჩივრებთ როგორც წინა შემთხვევაში და ვნახოთ შემდგომ რა მოხდება", – აცხადებს გაბუნია.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ქართული ოცნების“ სარჩელი დააკმაყოფილა და სამ არხს: „მთავარს“, „ფორმულას“ და „ტელეკომპანია პირველს“ სანქცია დაადო.
კომისიის გადაწყვეტილებით, ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“ გააფრთხილეს, „მთავარი არხი“ კი 118 689 ლარით დაჯარიმდა.
კომისიამ განმარტა, რომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველისთვის“ ეს პირველი დარღვევაა, ხოლო „მთავარი არხისთვის“ წელს რიგით მეხუთე.