Accentnews.ge
რუსეთს შეიარაღება ელევა: ვინ ეხმარება მოსკოვს მარაგის არალეგალურად შევსებაში

რუსეთს შეიარაღება ელევა: ვინ ეხმარება მოსკოვს მარაგის არალეგალურად შევსებაში

23/08/2022 13:27:52 მსოფლიო

რუსეთი, რომელსაც, ოფიციალურად, სხვა ქვეყნებისგან იარაღის მიღება არ შეუძლია, ბოლო დროს მას უცხოეთში გამალებით ეძებს. რიგი ქვეყნები კრემლს უარს დასავლური სანქციების შიშით ეუბნებიან, ნაწილს აგრესორის დახმარება უბრალოდ არ სურს. თუმცა კრემლს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შემორჩა ერთი-ორი პარტნიორი სახელმწიფო, რომელიც რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებას მალულად ცდილობს.

ასე, მაგალითად, “ბლუმბერგის” ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ სატვირთო ხომალდმა “სპარტა 2”-მა ივლისის ბოლოს სირიული ტარტუსიდან ბოსფორის გავლით ნოვოროსიისკში სამხედრო ტექნიკა ჩაიტანა. სპეციალისტების ვარაუდით, ამ გზით, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით, რუსეთმა, მაღალი ალბათობით, უკვე არაერთხელ აუარა გვერდი თურქეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შემოღებულ ოფიციალურ აკრძალვას და რაც მნიშვნელოვანია, თავად ანკარას მისთვის ამაში ხელი არ შეუშლია.

ივლისში პრეზიდენტი პუტინი ირანში იყო ჩასული, არაოფიციალური ინფორმაციით, 1000 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატის - “შაჰიდის” შესაძენად. ამასთან, არსებული ინფორმაციით, პირველი პარტია რუსეთს სირიიდან უკვე მიეწოდა.

“გარდიანი” ასევე წერდა, რომ ირანმა რუსეთს საკუთარი წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “BAVAR 373” მიაწოდა და ადრე მოსკოვისგან შესყიდული С-300-ებიც დაუბრუნა.

გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, თეირანი მოსკოვს იარაღის ერაყში შეძენაში ეხმარება. კერძოდ, აპრილში სამი სატვირთო ხომალდი ირანიდან ასტრახანში ჩავიდა, მანამდე კი ერაყის სახალხო მობილიზების ძალებმა ირანში ზალპული ცეცხლის ორი ერთეული რეაქტიული სისტემა “ასტრას-2”, ყუმბარმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ჩაიტანეს.

ჯერ კიდევ ომის დასაწყისში ამერიკული მედია წერდა, რომ მოსკოვმა არაერთხელ მიმართა სამხედრო დახმარების თხოვნით პეკინს, თუმცა ეს უკანასკნელი დასავლეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის საბოლოოდ გაფუჭების შიშით სიფრთხილეს იჩენდა. მიუხედავად ამისა, მართალია, ირიბად, მაგრამ ჩინეთი, როგორც ირკვევა, მოსკოვს დახმარებას მაინც უწევს, კერძოდ, მიკროჩიპებითა და ორმაგი დანიშნულების სხვა მაკომპლექტებლების ექსპორტით, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დროიდან თითქმის გაორმაგდა. ხოლო სამხედრო მრეწველობაში გამოყენებადი ალუმინის ოქსიდის მიწოდებები, გასულ წელთან შედარებით, 400-ჯერ არის გაზრდილი.

გარდა ამისა, რუსეთი ყიდულობს ჩინურ სამოქალაქო ტექნოლოგიებს, რათა შემდგომში სამხედროდ გარდაქმნას. ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ რუსეთის სამხედრო მრეწველობის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რობოტი ძაღლი, რომელიც ჩინეთმა თავის დროზე სამოქალაქო მიზნებისთვის შექმნა, რუსეთმა კი შეისყიდა, ყუმბარმტყორცნები მიამაგრა და სამხედრო მიზნით აპირებს, გამოიყენოს.

მოსკოვისთვის საარტილერიო და მაღალი სიშორის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების პოტენციურ მიმწოდებლად განიხილება ჩრდილოეთ კორეა – ლიდერი იარაღის შავი ბაზრის კუთხით. ქვეყანაში საკმაოდ ხშირად ფიქსირდება იარაღი, რომელიც ოფიციალურად მის შეიარაღებაში არ ყოფილა.

ასეა თუ ისე, პენტაგონის ხელმძვანელის მოადგილის კოლინ კალის მონაცემებით, რუსეთმა თავისი შეიარაღების მარაგების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ამოწურა და უახლოეს ხანებში დასავლური სანქციების პირობებში მარაგის ლეგალურად შევსება ძალიან გაუჭირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S