კიევი: "რუსეთში ტერაქტების სერია მზადდება მასობრივი მსხვერპლით"
23/08/2022 10:02:27 მსოფლიო
რუსეთის სპეცსამსახურები საკუთარ ქვეყანაში ტერაქტების სერიას ამზადებენ, რომელსაც სამოქალაქო პირებში მასობრივი მსხვერპლი მოჰყვება. კრემლს ეს ანტიუკრაინული ისტერიისა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაციისთვის საბაბის შესაქმნელად სჭირდება, - აცხადებენ კიევში.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, პუტინის კონსულტანტის, "რუსსკი მირის" იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის 20 აგვისტოს აფეთქება ტერაქტების ამ სერიიდან მხოლოდ პირველი იყო.
"უკრაინას რუსი პროპაგანდისტის ქალიშვილის აფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს, რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენი სახელმწიფო სამოქალაქო პირებს არ ხოცავს" - განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, ამჟამად რუსეთის მოსახლეობაში ომის მხარდაჭერა ეცემა, ჯარს კი ფრონტზე ძალიან გაუჭირდა და კრემლს წყალივით ესაჭიროება საყოველთაო მობილიზაცია, თუმცა სოციალური აფეთქების ეშინია და ახლა ეცდება, ხელოვნურად შექმნას საბაბი უკრაინის წინააღმდეგ მოსახლეობის დასარაზმად.
ცნობისთვის: 20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.
დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.


