
სანქცირებული რუსი სენატორის შვილი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო: "ახლა საქართველოში ვარ და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ"
23/08/2022 09:31:53 საზოგადოება
სანქცირებული რუსი სენატორის ედუარდ ისაკოვის შვილი დიანა ისაკოვა, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო, აცხადებს რომ ამჟამად საქართველოში იმყოფება.
„ახლა საქართველოში ვარ და ამიტომ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. "ინსტაგრამის" საშუალებით არაფერი მომიყოლია იმის შესახებ, რაც ხუთი თვის განმავლობაში გადამხდა თავს. ბევრი რამ მოხდა. აქციას ვაწყობდი, პოლიციელებმა დამაკავეს, სოჭიდან წამოვედი, ბევრი ვიმოგზაურე, ვურთიერთობდი ხალხთან, ოპოზიციონერებთან, დავემშვიდობე ნათესავებს ციმბირში, საქართველოში ჩამოსვლას ვგეგმავდი და ბოლოს და ბოლოს ეს მოხდა“, -წერს ისაკოვა "ინსტაგრამში" პირად გვერდზე.
19 აგვისტოს BBC-მ და „მედუზამ“ გამოაქვეყნეს ინტერვიუ ისაკოვასთან, რომელშიც იგი საუბრობდა, რომ უკვე რამდენიმე წელია, ოპოზიციურადაა განწყობილი და მამასთან რამდენჯერმე კონფლიქტიც მოუვიდა, მათ შორის – ლგბტ თემის უფლებების საკითხებზეც. მარტში იგი სოჭში გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდა, აპრილში კი მის მიერ ორგანიზებულ ანტისაომარ აქციაზე დააკავეს.
როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ქალიშვილის დაკავების შესახებ მამამისმა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვალენტინ მატვიენკოსგან შეიტყო. თავად სენატორმა BBC-ს განუცხადა, რომ მატვიენკომ მას „ქალიშვილთან დალაპარაკება და სპეცოპერაციის საჭიროების მიზეზების ახსნა“ ურჩია.
დიანა ისაკოვას თქმით, მამასთან საუბარი იმით დასრულდა, რომ მან უთხრა: „შენ ჩემი ქალიშვილი აღარ ხარ“.
ინტერვიუს კომენტირებისას ფედერაციის საბჭოს წევრმა ედუარდ ისაკოვმა თავის ქალიშვილ დიანას „მოღალატე“ უწოდა, ტელეგრამ–არხზე კი დაწერა, რომ მისმა ქალიშვილმა "მამა, ოჯახი და სამშობლო გაყიდა".
მან აღნიშნა, რომ დიანა მისი ქალიშვილია პირველი ქორწინებიდან, "რომლის აღზრდაშიც მონაწილეობა არ მიუღია სამი წლიდან“. მისივე თქმით, "დიანა ისაკოვა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე იმყოფება, თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებს და მასთან ურთიერთობა რთულია“.
ედუარდ ისაკოვი დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და კანადის მიერ შემუშავებული სანქციების სიაშია. იგი აქტიურად უჭერს მხარს ომს.