საფრთხის მიუხედავად, პოლონეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
23/08/2022 07:41:29 მსოფლიო
დღეს კიევში პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ჩავიდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დუდა "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
მისივე ცნობით, გარდა სამიტში მონაწილეობისა, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ განზომილებაში მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი მოლაპარაკებები პრეზიდენტებსა და დელეგაციებს შორის.
შეგახსენებთ, რომ ეს ანჯეი დუდას მესამე ვიზიტია უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ.
ცნობისთვის: 23 აგვისტოს ონლაინ-კონფერენციის ფორმატში უკრაინა უმასპინძლებს "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტს, რომელშიც, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წინაზე გაცილებით მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
2021 წლის 23 აგვისტოს კიევში გაიმართა "ყირიმის პლატფორმის" - ყირიმის დეოკუპაციის გარშემო საერთაშორისო სივრცის დამფუძნებელი პირველი სამიტი, რომელშიც 47 ქვეყნის მთავრობათა მეთაურები, პრეზიდენტები და საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.


