"ყირიმის პლატფორმის" მე-2 სამიტში მონაწილეობას 60-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიღებს
23/08/2022 06:04:18 მსოფლიო
23 აგვისტოს ონლაინ-კონფერენციის ფორმატში უკრაინა უმასპინძლებს "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტს, რომელშიც, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წინაზე გაცილებით მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
"უკვე ყველაფერი მზად არის ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტისთვის. წელს სამიტი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე შარშან - მონაწილეთა შემადგენლობის და განსახილველი თემატიკის მიხედვით. ჩვენ მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ყირიმის პლატფორმას. ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 აგვისტოს ვიდეომიმართვის დროს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინა დღით ამოქმედდა კიდევ ერთი ფორმატი - "კიევის ინიციატივა", რომელშიც კიევის მეზობელი ქვეყნები - პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მიიღებენ მონაწილეობას.
ცნობილია ასევე ის, რომ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს დაესწრება.
2021 წლის 23 აგვისტოს კიევში გაიმართა "ყირიმის პლატფორმის" - ყირიმის დეოკუპაციის გარშემო საერთაშორისო სივრცის დამფუძნებელი პირველი სამიტი, რომელშიც 47 ქვეყნის მთავრობათა მეთაურები, პრეზიდენტები და საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.
შარშანდელ სამიტში მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ჯერჯერობით უცნობით, თუ ვინ მიიღებს საქართველოდან მონაწილეობას "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში.


