ერდოღანი:ანკარის მიზანია, ზელენსკი და პუტინი უახლოეს ხანებში თურქეთში შეკრიბოს
22/08/2022 19:54:51 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება ანკარის მიზნად დაასახელა.
"შესაძლებლობა მქონდა, დეტალურად განმეხილა პუტინთან მოვლენათა განვითარება. ჩავედით ასევე უკრაინაში და შევხვდით პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენი მიზანია, უახლოეს ხანებში პუტინი და ზელენსკი ჩვენს ქვეყანაში შევკრიბოთ კრიზის გადაჭრისკენ გზის გასაკვალად" - განაცხადა, Hurriyet-ის ინფორმაციით, ერდოღანმა ერისადმი მიმართვისას.
ამასთან, მან თურქ ხალხს ე.წ ხორბლის შეთანხმების გაფორმება შეახსენა და იმედი გამოთქვა, რომ ეს საფუძველს ჩაუყრის კონფლიქტის მოგვარებას.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები - ეს არა დიალოგი, არამედ რუსული ულტიმატუმია და რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმების ჩატარების შემთხვევაში რუსეთისთის მოლაპარაკებების ფანჯარა დაიკეტება.
18 აგვისტოს ზელენსკიმ ლვოვში ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები მხოლოდ რუსული ჯარის უკრაინის ტერიტორიიდან სრულად გასვლის შემდეგ შეიძლება, გაიმართოს.
“ბატონმა ერდოღანმა მითხრა, რომ უნდა გამოვიყენოთ დიპლომატიური ფანჯარა, რათა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან. მე მას ვუთხარი ჩემი მოსაზრება ამის შესახებ. რუსეთის ჯარი უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დღემდე აწარმოებს თავდასხმებს ფრთოსანი რაკეტებით, ამიტომ ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ ყველაფერს” – განაცხადა ზელენსკიმ.


