"ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს მიერ შერჩეული კანდიდატების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი"
22/08/2022 12:16:35 ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს მიერ შერჩეული კანდიდატების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამინისტრომ კანდიდატების შესარჩევად საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი შერჩევის პროცესი ჩაატარა.
„შევარჩიეთ კანდიდატურები, ეს ადამიანები არიან გამოცდილი, კომპეტენტური, კვალიფიციური კადრები იმისთვის, რომ ის სამუშაო, რაც მათ აკისრიათ, სწორად და სათანადოდ შეასრულონ. ჩვენ ეს კანდიდატები წარდგენილი გვყავს და როგორც კი რეგისტრაციის პროცესი დასრულდება, ამაზე უფრო მეტ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო გაავრცელებს. ამ დღეებში ალბათ უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ მიდის იურიდიული პროცესი. იგივე იყო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით სახელმწიფოს მხრიდან რაღაც წილის მიღებაზე, სახელმწიფოს მხრიდან შეთანხმებაზე „ბორჯომთან“ და ა.შ. ეს არის იურიდიული პროცესი, რომელიც მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობასთან და იურიდიულ სივრცესთან არ არის დაკავშირებული. იცით, რომ საერთაშორისო კომპანიაა „ბორჯომის“ მფლობელი, მშობელი კომპანია და შესაბამისად, ის რეგისტრირებულია სხვა იურისდიქციაში და ამიტომ მე ვერ გეუბნებით როდის დასრულდება ის ლეგალური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. იმისთვის, რომ არ დავაზიანოთ მიმდინარე პროცესი და ვიყოთ კორექტულები, მათ შორის, იურიდიულად კორექტულები, ჩვენ ინფორმაციას მოგაწვდით, არაფერი აქ დასამალი არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.
13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73%-იანი წილი გადაეცა. შედეგად, კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49% მდე შემცირდა. აღსანიშნია, რომ მხარეებს შორის შეთანხმებით, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება "ბორჯომის" დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი.


