
კადიროვის მრჩეველი და ქეთა თოფურიას ქმარი ლევ დენგოვი საქართველოში იმყოფება
22/08/2022 12:26:09 საზოგადოება
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მრჩეველი და მომღერალ ქეთა თოფურიას მეუღლე ლევ დენგოვი საქართველოში იმყოფება. თბილისში მისი ყოფნის დამადასტურებელი ფოტო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, დენგოვს დარღვეული აქვს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი, ვინაიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშია ნამყოფი.
ბიზნესმენი ლევ დენგოვი (პაველ გუზბანდი) რუსეთის მიერ შექმნილ ლიბიის საკითხების დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. რუსეთის ფედერაციის დავალებით, იგი ლიბიიდან რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთა გათავისუფლების საკითხს კურირებდა.
ივლისში ambebi.ge წერდა, რომ ქეთა თოფურია შვილთან და ქმართან ერთად საქართველოში კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დენგოვი ცოლის სამშობლოს სტუმრობს.
მომღერალმა ქეთა თოფურიამ ლევ დენგოვზე ქორწინების შესახებ 2020 წლის ნოემბერში განაცხადა. მათ 2021 წლის 21 იანვარს ვაჟიშვილი შეეძინათ.