"მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე"
22/08/2022 12:15:03 ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, "მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე".
მისი თქმით, ხვალ თბილისში ტრანსპორტის მინისტრების, მათ შორის თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდაზე იქნება.
„რაც შეეხება ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვას ეგრეთ წოდებულ შუა კორიდორში, ანუ ტრანს-კასპიურ დერეფანში, რა თქმა უნდა, სამინისტრო და მთლიანად მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ამაზე. იცით, რომ უმაღლეს დონეზე გვქონდა შეხვედრები როგორც თურქმენეთის, უზბეკეთის, ისე ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ზუსტად ამ საკითხებს ვიხილავდით, როდესაც საუბარია მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების საქართველოს დერეფნით მეტად დაინტერესებაზე. [...] სამუშაო პროცესი გრძელდება. მაგალითად, ხვალაც ჩვენ გვაქვს ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა თბილისში, სადაც თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრაში. ზუსტად საუბარია ამ სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდაზე, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, რათა ჩვენ არათუ მოვიზიდოთ ახალი ტვირთები, მათ შორის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, არამედ დიდი ხანი მოვახერხოთ ჩვენს დერეფანში ამ ტვირთების დამაგრება ისევ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, თუმცა უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ალბათ, ერთ დღეში ვერ მოხერხდება. ძალიან ბევრი ნიუანსია, მხოლოდ ერთი ტიპის გადაზიდვებზე და ერთი ტიპის პროდუქტზე არ არის საუბარი. არსებობს ასევე უფრო ხანგრძლივი, საშუალოვადიანი შეთანხმებები. აქაც უნდა წარმოვიდგინოთ, რომ როდესაც სახელმწიფოები საუბრობენ, არის ძალიან ბევრი კერძო კომპანია, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის ნავთობროდუქტების უშუალო მესაკუთრეები ხშირ შემთხვევაში არიან საერთაშორისო კონსორციუმები, საერთაშორისო ნავთობკომპანიები შუა აზიაში, რომელთა გადაწყვეტილებებიც ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრთან ერთად გვქონდა ამ კომპანიებთან ცალკე დამატებითი კომუნიკაცია და საუბარი. ასე რომ, ეს მუშა პროცესი მიმდინარეობს ისეთი ინტენსივობით, როგორც არასდროს. შესაძლებლობები არის საკმაოდ დიდი, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია, როგორ სინქრონში იმუშავებენ ერთმანეთთან დერეფნის მონაწილე ქვეყნები და როგორ იქნება გამართული, ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურა და მეორე მხრივ, მომსახურებები. ზუსტად ამაზე გვექნება მათ შორის, ხვალ საუბარი. ეს პროცესი მიმდინარეობს. ვადასტურებთ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, გავზრდით ნაკადს. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან უფრო მეტი იქნება ამა მიმართულებით კონკრეტიკა, რადგან სამუშაო პროცესი დროს მოითხოვს და ეს წელი დასჭირდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


