რას პროგნოზირებენ რუსეთში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით
22/08/2022 11:13:04 მსოფლიო
რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე სამშვიდობო შეთანხმებას გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება ჟენევაში გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გენადი გატილოვმა გააკეთა.
მისი თქმით, პუტინსა და ზელენსკის შორის პირდაპირი მოლაპარაკებები არ იქნება. მისივე მტკიცებით, აშშ და ნატო-ს სხვა ქვეყნები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რათა უკრაინა მოლაპარაკებებიდან გავიდეს.
"მე დიპლომატიური კონტაქტების შესაძლებლობას ამჟამად ვერ ვხედავ და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო რთული იქნება დიპლომატიური გადაწყვეტილების პოვნა. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კონფლიქტი. კიევზე ზეწოლას ახდენენ, რათა უკრაინა მოლაპარაკებებიდან გავიდეს" - განაცხადა გატილოვმა.
გატილოვმა კიევსა და მოსკოვს შორის გაეროს შუამავლობა გამორიცხა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ომის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა და მისი ავტორიტეტი ეჭვქვეშ დააყენა.
"მსოფლიო იცვლება და გაერო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო" - დასძინა გატილოვმა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


