უკრაინის ვიცე-პრემიერი: "ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% შეასრულა"
21/08/2022 16:54:41 მსოფლიო
უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% უკვე შეასრულა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას სურს, "პოლიტიკური სიცხადე მიიღოს ევროკავშირის ლიდერებისგან წლის ბოლომდე შემდეგი ნაბიჯების შესახებ":
„უნდა გავიგოთ, რამდენად გრძელი და რთული იქნება ჩვენი გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და არა მხოლოდ მოლაპარაკების თვალსაზრისით. ჩვენ ნამდვილად დაგვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი კომპონენტების დასრულება. ამის ენერგია და სურვილი გვაქვს. ერთადერთი, რაც გვაკლია, არის პოლიტიკური სიცხადე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვები, რომ ევროინტეგრაციის პროცესი რჩება მთავარი მოტივატორი საზოგადოებისთვის, რომელიც აერთიანებს უკრაინელების 90%-ზე მეტს.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყოს ბიუროკრატიული. თუ გავითვალისწინებთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას უკრაინა და იმ ფაქტს, რომ აშკარაა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ერთგულება დემოკრატიის პრინციპებისადმი, ასევე იმას, რომ ჩვენ, თითქმის, 70%-ით შევასრულეთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, ეს საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ნულიდან შეფასება, არამედ თქვენ უნდა მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. გვინდა, რომ ასეთი პოლიტიკური სიცხადე წლის ბოლომდე მივიღოთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინის მხრიდან ასეთი პოლიტიკური სიცხადის სურვილი არის „არა პოლიტიკური ზეწოლა, არამედ ხალხისთვის შემდგომი პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელობის მინიჭება“.


