ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარე ქალაქებში იოდის ტაბლეტებს არიგებენ
21/08/2022 16:43:19 მსოფლიო
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარე ქალაქების მოსახლეობას იოდის ტაბლეტებს ურიგებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოდარის მერი დიმიტრი ორლოვი ავრცელებს.
მისი თქმით, მედიკამენტის დარიგება უკვე დაიწყეს და დაგეგმილია 25 000 ტაბლეტის დარიგება.
რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.
რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ. უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს.
ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში ამ ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.
გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.


