თურქეთის მარდინის პროვინციაში სატვირთო მანქანა ხალხის მასაში შევარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
20/08/2022 18:39:12 მსოფლიო
თურქეთის მარდინის პროვინციაში, დერიკის რაიონში სატვირთო მანქანა, რომლის მუხრუჭებიც მწყობრიდან გამოვიდა, ხალხის მასაში შევარდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სატვირთო მანქანა ხალხში მას შემდეგ შევარდა, რაც 2 მანქანას შეეჯახა.
ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა, მათგან 8 მძიმედ.
„უფლის წყალობას ვუსურვებ უბედური შემთხვევის დროს დაღუპულებს, სამძიმარს ვუცხადებ მათ ახლობლებს. დაშავებულებს - სწრაფ გამოჯანმრთელებას. მობილიზებულია ყველა საშუალება დაშავებულების სამკურნალოდ“- განაცხადა მინისტრმა.
დღეს კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თურქეთში, ქალაქ გაზიანთიფში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო დახმარების მანქანას, სახანძრო მანქანასა და ავტობუსს შეეჯახა, რომელშიც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე, 2 მედიკოსი და 2 ჟურნალისტი. დაშავებულია 22 პირი. ისინი ჰოსპიტალიზებულნი არიან.


