დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ამბობენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა NATO-ს მე-5 მუხლის დარღვევა იქნება
20/08/2022 09:06:43 მსოფლიო
ბრიტანელი დეპუტატი, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში თავდაცვის სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე ტობიას ელვუდი თვლის, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა NATO-ს ქვეყნების სამხედრო ძალების პასუხს გამოიწვევს.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
Let’s make it clear now:ANY deliberate damage causing potential radiation leak to a Ukrainian nuclear reactor would be a breach of NATO’s Article 5.@thetimes pic.twitter.com/FFv6KR1xdq
— Tobias Ellwood MP (@Tobias_Ellwood) August 19, 2022
„ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება, რომელიც გამოიწვევს რადიაციის პოტენციურ გაჟონვას უკრაინის ბირთვულ რეაქტორზე, NATO-ს მე-5 მუხლის დარღვევა იქნება“, - წერს ბრიტანელი დეპუტატი The Times-ის იმ სტატიის კომენტირებისას, რომლის თანახმად, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს.
ბრიტანელი დეპუტატის მოსაზრება გაიზირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ადამ კინზინგერმაც. იგი წერს, რომ ტობიას ელვუდი "100 პროცენტით სწორს ამბობს".
"ეს ნამდვილად არ არის განსახილველი. ნებისმიერი გაჟონვა მოკლავს ადამიანებს NATO-ს ქვეყნებში, ეს ავტომატურად მე-5 მუხლია" - წერს კინზინგერი.
This really isn’t even up for debate. Any leak will kill people in NATO countries, that’s an automatic article 5
— Adam Kinzinger🇺🇦🇺🇸✌️ (@AdamKinzinger) August 20, 2022
ცნობისთვის: NATO-ს მე-5 მუხლი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედად ითვლება და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა. ეს მუხლი ამბობს, რომ NATO-ს რომელიმე წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ალიანსის წევრ ყველა ქვეყანაზე. ასეთ შემთხვევაში NATO მიიღებს ყველა ზომას ალიანსის იმ წევრის დასახმარებლად, რომელსაც თავს დაესხნენ.
რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.
რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ. უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს.
ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში ამ ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.
გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.


