ელისეის სასახლე – მაკრონმა პუტინს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველჰყოს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტების დაშვება
19/08/2022 15:01:32 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.
მისი ცნობით, მაკრონმა პუტინს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველჰყოს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვება.
"პუტინმა მხარი დაუჭირა ამ იდეას. ამ თემაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს უახლოეს დღეებში კვლავ გაესაუბრება, ტექნიკურ გუნდებს შორის კომუნიკაციისა შემდეგ", – აცხადებენ ელისეის სასახლეში.
რუსულ მხარეს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ=ჯერობით არ გაუკეთებია.
ცნობისთვის: რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ ატომური სადგურის ტერიტორიის დაბომბვაში და ორივე მხარე შესაძლო ბირთვული კატასტროფაზე საუბრობს. ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში უდიდეს ასეთ სადგურად ითვლება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცოტა ხანში ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა დაამყარეს კონტროლი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა, ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.
გუშინ ლვოვში გაერო–ს გენმდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "გაერო–მ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ადგილის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული განთავისუფლება რუსული ჯარისგან".
მისი თქმით, "რუსეთის ბირთვულ შანტაჟს შესაძლოა, ჰქონდეს კატასტროფული შედეგები მთელი მსოფლიოსთვის".


