
აშშ–მა "განსაკუთრებულად საშიში ტერორისტები" სირიიდან გაიყვანა
10/10/2019 06:01:07 სხვა, მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა სირიიდან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ორი განსაკუთრებულად საშიში მებრძოლი გაიყვანა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“დაწერა.
„იმ შემთხვევისთვის, თუ ქურთები ან თურქეთი დაკარგავენ კონტროლს, აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი, რომლებიც ცნობილნი არიან „ბითლზის“ სახელით და დაკავშირებულნი არიან სირიაში თავის მოკვეთის გზით მკვლელობებთან, უკვე გაიყვანა ამ ქვეყნიდან დაცულ ადგილას, რომელსაც აშშ-ი აკონტროლებს. ისინი ბოროტებს შორის ყველაზე ბოროტები არიან“, – წერს დონალდ ტრამპი.
მანამდე ტელეკომპანია „სიენენმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების გამო, სირიელმა ქურთებმა ამერიკელ სამხედროებს „ისლამური სახელმწიფოს“ ორი წევრი – ბრიტანელები ალექსანდრ კოტი და აშ-შაფი ელ შეიხი გადასცა. მათ 27 მძევლის, მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტების ჯეიმს ფოულისა და სტივენ სოტლოფის მკვლელობაში ადანაშაულებენ.