ერდოღანი – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: "ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ ბატონ პუტინთან"
19/08/2022 13:00:15 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ მის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხის განხილვას გეგმავს.
"ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ ბატონ პუტინთან და სპეციალურად ვთხოვთ მას, რათა რუსეთმა მსოფლიოში მშვიდობისთვის თავისი წვლილი შეიტანოს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმით", – განაცხადა ერდოღანმა.
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ ატომური სადგურის ტერიტორიის დაბომბვაში და ორივე მხარე შესაძლო ბირთვული კატასტროფაზე საუბრობს. ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში უდიდეს ასეთ სადგურად ითვლება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცოტა ხანში ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა დაამყარეს კონტროლი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა, ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.
გუშინ ლვოვში გაერო–ს გენმდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "გაერო–მ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ადგილის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული განთავისუფლება რუსული ჯარისგან".
მისი თქმით, "რუსეთის ბირთვულ შანტაჟს შესაძლოა, ჰქონდეს კატასტროფული შედეგები მთელი მსოფლიოსთვის".


