უკრაინა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება
19/08/2022 12:27:55 მსოფლიო
უკრაინა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება, – იუწყება BBC.
მისი ცნობით, ყვითელ სპეცტანსაცმელში გამოწყობილი სასწრაფო დახმარების მუშაკები გადიან წვრთნებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ტერიტორიის დასუფთავება რადიოაქტიური დაბინძურების შემთხვევაში.
უკრაინაში აცხადებენ, რომ ატომურ ელექტროსადგურში ვითარება "კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება".
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ ატომური სადგურის ტერიტორიის დაბომბვაში და ორივე მხარე შესაძლო ბირთვული კატასტროფაზე საუბრობს. ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში უდიდეს ასეთ სადგურად ითვლება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცოტა ხანში ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა დაამყარეს კონტროლი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა, ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.
გუშინ ლვოვში გაერო–ს გენმდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "გაერო–მ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ადგილის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული განთავისუფლება რუსული ჯარისგან".
მისი თქმით, "რუსეთის ბირთვულ შანტაჟს შესაძლოა, ჰქონდეს კატასტროფული შედეგები მთელი მსოფლიოსთვის".


