ზელენსკი – გუტერეშს: "გაერო–მ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს"
18/08/2022 14:30:23 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან ლვოვში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებას.
მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს "რუსეთის ბირთვული შანტაჟის" თემა.
"აგრესორის მხრიდან ამ მიზანმიმართულ ტერორს შეიძლება, ჰქონდეს კატასტროფული შედეგები მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ, გაერო–მ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ადგილის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული განთავისუფლება რუსული ჯარისგან", - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ ატომური სადგურის ტერიტორიის დაბომბვაში და ორივე მხარე შესაძლო ბირთვული კატასტროფაზე საუბრობს. ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში უდიდეს ასეთ სადგურად ითვლება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცოტა ხანში ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა დაამყარეს კონტროლი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა, ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.
გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.


