
დოლიძე – "ოცნების" მიერ ISFED-ს არმიწვევაზე: "ორგანიზაციის უფლების შეზღუდვა და დევნაა"
18/08/2022 11:25:40 საზოგადოება
"სამართლიანი არჩევნების" ( ISFED) დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხირდან საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში მათი არმიწვევა "ორგანიზაციის დევნა და უფლებების შეზღუდვაა".
მისი თქმით, "ოცნების" არგუმენტი პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით მიუღებელია, რადგან ISFED არასდროს ყოფილა არც ერთი პარტიის მხარეს:
"ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში, გადაწყვიტა, რომ სამართლიანი არჩევნები არ იყოს ამ ჯგუფში, რაც ძალიან სამწუხაროა და ჩვენთვის გაუგებარი და აუხსნელია. მგონია, რომ ეს წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციის უფლების შეზღუდვას და დევნას, მისი აზრის გამო, იმის გამო, რომ ჩვენი ორგანიზაცია ხშირად არის ხოლმე კრიტიკული. და ალბათ ეს არის მიზეზი, თუ რატომ ფიქრობენ ისინი, რომ "სამართლიანი არჩევნები" არ უნდა იყოს ამ ჯგუფში".
მისი განცხადებით, "სამართლიანი არჩევნები" 27 წელია მაღალი რეპუტაციით სარგებლობს და გააჩნია ექსპერტიზა, რომელიც ქვეყანას საარჩევნო რეფორმის გატარებაში დაეხმარება. დოლიძე აცხადებს, რომ მათი დაბლოკვა ევროპული ინტეგრაციის პროცესს აზიანებს.