
პრემიერი:"სწორედ გიორგი ანწუხელიძისნაირი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას"
17/08/2022 20:38:44 საზოგადოება
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას, განამტკიცებენ მის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას.
„23 წლის სერჟანტის ზნეობრივი სიმამაცე, მტრის წინაშე შეუდრეკლობა, სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის.
მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთ-ერთი მათგანი იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა თუ ზურგზე. ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის ოსმა სეპარატისტებმა ცემით მოკლეს და ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს.
2009 წელს გიორგი ანწუხელიძეს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ის "სამშობლოსთვის თავდადებულის" მედლით დააჯილდოვა. 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა. 2013 წლის 2 ნოემბერს„თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. 2017 წელს იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებრივი მედალი "გიორგი ანწუხელიძე" დაამტკიცა, რომლითაც 13 სამხედრო დააჯილდოვა.