რუსი პროპაგანდისტი:"მზად ხართ, ევროპის დედაქალაქებო, იწვოდეთ ჩვენი სარაკეტო დარტყმებისგან?" (VIDEO)
17/08/2022 17:25:17 მსოფლიო
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ რუსი პროპაგანდისტი ევროკავშირს და აშშ-ს სარაკეტო დარტყმით და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით ემუქრება.
Another day, another time a Russian propagandist threatens the EU and US with rocket strikes and using tactical nuclear weapons. pic.twitter.com/G3nSumsTLK
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) August 17, 2022
ვიდეოში რუსი პროპაგანდისტი ამბობს:"კარგი! ეხლა ავდგებით და შევიყვანთ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად ჩვენს ჯარებს ლატვიაში (მოსახლეობის 40%), ბერლინში, პარიზში, ლონდონში... მზად ხართ, ევროპის დედაქალაქებო, იწვოდეთ ჩვენი სარაკეტო დარტყმებისგან, ხოლო თუ საჭირო გახდა, ტაქტიკური ბირთვული იარაღისგან? ამერიკა მზად იქნება, ჩაერთოს ბრძოლაში ბალტიისპირეთისთვის, რომელიც თავის ნაცისტურ სწრაფვაში რუსულენოვანთა უფლებებს არღვევს?".
ცნობისთვის: სოლოვიოვი ევროკავშირს სანქცირებულთა სიაში ყავს შეყვანილი.
ეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ კრემლის პროპაგანდისტების მხრიდან დასავლეთის მიმართ მუქარის, მათ შორის ბირთვული იარაღის “ჟღარუნის” არც პირველი შემთხვევაა და მაღალი ალბათობით, არც უკანასკნელი. ვლადიმირ პუტინი და რუსეთის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები უკვე წლებია, პერიოდულად ახსენებენ ბირთვული იარაღის გამოყენებას და ამის პირობებსა და შესაძლებლობებზე საუბრობენ. ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტმა 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ისაუბრა, მომდევნო წლებში კი თემას კვლავ დაუბრუნდა და ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე გამაოგნებლად “იხუმრა” შესაძლო ბირთვული ომის მსხვერპლთა შორის განსხვავებაზე: “ისინი [მოწინააღმდეგეები – რედ.] ამოწყდებიან, ჩვენ კი სამოთხეში მოვხვდებითო”. “ბირთვული საფრთხის განეიტრალებას” ასახელებდა კრემლი უკრაინაში ამჟამინდელი შეჭრის ერთ-ერთ მიზნად ომის წინა პერიოდშიც. 28 მარტს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია PBS-თან ინტერვიუში თან ის განაცხადა, რომ “ბირთვული იარაღის გამოყენების იდეას რუსეთში არც კი განიხილავენ”, თან დასავლეთს პუტინის გაფრთხილება შეახსენა, “თუკი უკრაინაში მიმდინარე ოპერაციაში ვინმე ჩაერევა, რუსეთს აქვს ყველა საჭირო შესაძლებლობა, ამის პრევენციაც მოახდინოს და მსურველებიც დასაჯოსო”. კიდევ მოგვიანებით მოსკოვმა ბირთვული მუქარა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების გეგმის საპასუხოდაც გააჟღერა.
ამგვარად, კრემლის თავკაცი ბირთვული ღილაკით თამაშს არ ეშვება, მისი ქვეშევრდომები კი – ამ თემაზე სიტყვებით თამაშს.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში წარუმატებლობით გამოწვეულმა „პოტენციურმა სასოწარკვეთამ“ შესაძლოა, კრემლის ლიდერს საკუთარ მოსახლეობაში ვითომდა გამარჯვების განცდის შესაქმნელად ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგოს. „ამის გათვალისწინებით, არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა აღიქვას ეს საფრთხე ზედაპირულად. თუმცა ჯერ-ჯერობით არ გვინახავს ჯარების განლაგების ან იარაღის გადაადგილების პრაქტიკული მტკიცებულებები, რომელიც პუტინის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გარდაუვალობაზე მიგვანიშნებდა” – აღნიშნა მან.
დამოუკიდებელი რუსი და დასავლელი ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ რუსეთის ყველა ზემოაღნიშნული მუქარა უკრაინაში განცდილი წარუმატებლობით გამოწვეული სასოწარკვეთის გამოხატულება უფროა, ვიდრე კრემლის რეალური გეგმა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
“ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში - მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან გვატყობინებდნენ, რომ პუტინი უკრაინაში საომარი მოვლენების მოსკოვისთვის არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების იდეას დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდა. მეტიც, იგი იკვეხნიდა კიდეც, “დასავლეთისგან განსხვავებით, ამ ნაბიჯის გადადგმის თავი მაქვსო". მაგრამ ახლა, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მოვლენები მოსკოვისთვის აშკარად არასასურველი სცენარით განვითარდა, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა, წლის დასაწყისთან შედარებით, საგრძნობლადაა შემცირებული. საქმე ისაა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას პუტინის გარდა, კიდევ 4 პირი უნდა დასთანხმდეს, რომელთაგან სულ მცირე ორი, ჩვენი მონაცემებით, ამის კატეგორიული წინააღმდეგია. თუმცა ზოგადად, ეს იდეა კრემლის ხელმძღვანელობის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. შესაბამისად, მოსკოვი დასავლეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯზეც ფიქრობს და უმაღლესი ხელმძღვანელობა წინასწარ გახიზნა დაცულ ბუნკერებში" – აცხადებს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ "Bellingcat"-ის წარმომადგენელი ხრისტო გროზევი.
თუ პუტინი დასავლეთის საპასუხო ნაბიჯებზე მართლაც დაფიქრდა, ეს პოზიციის სასიკეთო ცვლილებაა, უპირველესად - მისთვის და რაღა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოსთვის, რადგან დასავლური მედიის ცნობით, სულ მცირე, ორი წამყვანი სახელმწიფო – აშშ და საფრანგეთი უკვე აქტიურად ემზადებიან საჭიროების შემთხვევაში მოსკოვისთვის საკადრისი ბირთვული პასუხის გასაცემად. ზოგიერთი დასავლური მედიასაშუალებების ინფორმაციით კი, აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთის მიმართ არც პრევენციული დარტყმების განხორციელებაა გამორიცხული.
როგორც ამერიკულმა მედიამ გვამცნო, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთზე შესაძლო ბირთვული დარტყმის სცენარზე სულ მცირე, 28 თებერვლიდან მუშაობს. ამერიკელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის საპასუხოდ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას შემდეგ შემთხვევებში განიხილავს: თუ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ქიმიურ ან ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს; თუ პუტინი ნატო-ს რომელიმე ქვეყანაზე კონვექციურ შეტევას განახორციელებს; თუ პუტინი ნატო-ს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. თუმცა კონკრეტულად რა სახის პასუხი გაეცემა რუსეთის ამ შესაძლო ქმედებებს – პუბლიკაციებში დაზუსტებული ისევ და ისევ არ არის.
ამერიკულ მედიასთან თითქმის ერთდროულად ფრანგულმა მედიასაშუალებებმაც გამოაქვეყნეს რიგი პუბლიკაციები იმის შესახებ, როგორ ემზადება შესაძლო ბირთვული ომისთვის პარიზიც. მათი მონაცემებით, ათწლეულების განმავლობაში პირველად, საფრანგეთის სამხედრო საზღვაო ძალებმა სამორიგეოდ ერთდროულად სამი სტრატეგიული ბირთვული წყალქვეშა ნავი გაიყვანეს (დღემდე მორიგეობდა ერთი, ან მაქსიმუმ ორი). თითოეული მათგანი აღჭურვილია 16 რაკეტით, რომელთაგან თითოეული 10-მდე ატომური ქობინის მატარებელია და ამ უკანასკნელთაგან თითოეულს შეუძლია, სამიზნე დანარჩენებისგან დამოუკიდებლად – სეპარატულად დააზიანოს. ჯამურად 3 ფრანგული ატომური წყალქვეშა ნავი 500-მდე ბირთვული ქობინის მატარებელია და საჭიროების შემთხვევაში მთელი რუსეთის განადგურება ძალუძს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ საფრანგეთმა გამოსცადა ატომური ქობინის მქონე ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელიც ფრანგულ გამანადგურებელზე მაგრდება. რაკეტის ფრენის მანძილი 500 კმ-ია, სიმძლავრე – 300 კილოტონა, ანუ 15-ჯერ მეტი თავის დროზე ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრეზე. საჰაერო ბაზირების რამდენ ასეთ ტაქტიკურ რაკეტას ფლობს საფრანგეთი – გასაიდუმლოებულია. უცნობია ისიც, არის თუ არა მსგავსი რაკეტები თვითმფრინავებზე, რომლებიც ფრანგულ ავიამზიდ “შარლ დე გოლზე” დგანან.
თავის მხრივ აშშ-ს საფრანგეთზე გაცილებით მეტი ატომური წყალქვეშა ნავი გააჩნია. როგორც ამერიკული მედია პენტაგონში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამ წყალქვეშა გიგანტებს რუსეთი მთელს პერიმეტრზე ალყაში ჰყავთ მოქცეული და მზად არიან, შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში რაკეტები აამოქმედონ. ხოლო რა პირობებია ეს – რუსეთს ამჯერად უკვე არც აშშ უმხელს, არც საფრანგეთი.
სწორედ ამ გაურკვევლობით სურს დასავლეთს, აიძულოს პუტინი, მოეშვას წითელი ბირთვული ღილაკით თამაშს და მიახვედროს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მას ეგზისტენციური განადგურებისგან არავინ დაინდობს.


