თურქეთი და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ
17/08/2022 13:09:52 მსოფლიო
თურქეთი და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა გააკეთეს.
"ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ გადავდგამთ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მოიცავს, მათ შორის ელჩების დანიშვნას. პოზიტიური ცნობები მოვიდა ისრაელიდან და რა თქმა უნდა, ჩვენნც გადავწყვიტეთ, დავინიშნოთ ელჩი ისრაელში, თელ-ავივში", – განაცხადა ჩავუშოღლუმ ყირგიზელ კოლეგასთან ჯინბეკ კულუბაევთან გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა დღეს აღნიშნა, რომ თურქეთმა და ისრაელმა "გადაწყვიტეს, აღადგინონ სრულფასოვანი დიპლომატიური კავშირები და ხელახლა დანიშნონ ელჩები და გენერალური კონსულები".
"თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა მნიშვნელოვანი აქტივია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლე ისრაელის მოქალაქეებისთვის", - დასძინა ლაპიდმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.


